English / ქართული / русский /
ციცინო თეთრაული
ეკონომიკური უსაფრთხოების ძირითადი პრობლემები

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ეკონომიკური უსაფრთხოების არსი და მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის გლობალიზაციის პირობებში, დახასიათებულია ეკონომიკური უსაფრთხოების შიდა და გარე ფაქტორები, სტრატეგია და კრიტერიუმები. გაანალიზებულია პოსტსაბჭოთა ქვეყნების საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მექანიზმის თავისებურებები და მეთოდები. გადმოცემულია ინოვაციების როლი და მნიშვნელობა თანამედროვე ეკონომიკის განვითარებაში. გაშუქებულია სახელმწიფოს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საქმეში.

საკვანძო სიტყვები: ინოვაცია, ეკონომიკური უსაფრთხოება, გენმოდიფიცირებული პროდუქტი, “შოკური თერაპია”, გლობალიზაცია.

შესავალი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა მეტად მძიმე და მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა `პოსტსაბჭოთა” ქვეყნებისთვის. მათ დარჩათ მძიმე მემკვიდრეობა, მოშლილი ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, დეფიციტური ბიუჯეტი, ინფლაცია და ა.შ. საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დადგა, მაგრამ მალევე გააკეთა თავისი არჩევანი _ დასავლური ორიენტაცია.

ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების ქვეშ იგულისხმება ის ფაქტორები და პარამეტრები, რომელიც ზარალს აყენებს საერთო ეროვნულ ინტერესებს და არღვევს ქვეყნის ეკონომიკას. განასხვავებენ ეკონომიკური უსაფრთხოების გარე და შიდა ფაქტორებს. ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური უსაფრთხოების ყველა პარამეტრის დაცვა. გლობალიზაციის პირობებში მსოფლიოს ქვეყნები ახალი გამოწვევების წინაშე დადგნენ. ინოვაციური ეკონომიკის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა ნებისმიერი ქვეყნისათვის, საჭიროა ქვეყანამ განავითაროს პრიორიტეტული დარგები და სწორად განსაზღვროს ეკონომიკური პოლიტიკა.

* * *

კაცობრიობის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლამ, რომელიც გლობალიზაციის სახელს ატარებს, მსოფლიოს ქვეყნები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. გლობალიზაციის პროცესი უშუალოდ ზემოქმედებს ცალკეული ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე. თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში ეროვნული ეკონომიკის განვითარების დონის ამაღლება წარმოუდგენელია გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გარეშე. გლობალიზაციის პირობებში ის ქვეყნები აღწევენ დიდ წარმატებას, რომლებიც ამუშავებენ და რეალიზაციას უკეთებენ ქვეყნისათვის მისადაგებულ ინოვაციურ პოლიტიკას. ინოვაციის შინაარსში იგულისხმება შექმნილი სიახლის პრაქტიკაში გამოყენება, მისი დანერგვა. ი. შუმპეტერის განმარტებით `ინოვაცია არის კომერციალიზებული გამოგონება~. თანამედროვე ეკონომიკას უკვე ინოვაციურ ეკონომიკას უწოდებენ, გლობალიზაციის ეპოქაში ინოვაციების განხორციელების გარეშე ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლებელია ნებისმიერი ქვეყნისათვის. ინოვაციური ეკონომიკა ცოდნაზე და მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე დაფუძნებული ეკონომიკაა. XXI საუკუნეში მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს, ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ყოველი სიახლე ელვის სისწრაფით ვრცელდება მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილში. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები სულ უფრო მეტ ფინანსებს დებენ ინოვაციებში. მაგალითად, 2016 წლის მონაცემებით, აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა 14,24 ტრილიონ დოლარს, აქედან 0,40 ტრლნ დოლარი ჩაიდო ინოვაციებში, ჩინეთმა _ მშპ-ის 8,46 ტრლნ დოლარიდან ინოვაციებში ჩადო 0,14 ტრლნ დოლარი, ხოლო იაპონიამ _ მშპ-ის 4,38 ტრლნ დოლარიდან 0,15 ტრლნ. მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, განვითარებადი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები არასახარბიელოდ გამოიყურებიან ინოვაციური პოლიტიკის მხრივ.

საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნები ძალიან რთულ და არახელსაყრელ სივრცეში აღმოჩნდნენ, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა მეტად მძიმე პროცესი აღმოჩნდა. მათ წილად ხვდათ მოშლილი ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, დეფიციტური ბიუჯეტი, მაღალი ინფლაცია, საწარმოო რესურსების დეფიციტი, უმუშევრობის ზრდა და სხვა ნეგატიური მოვლენები. პოსტკომუნისტური ქვეყნებიდან არც საქართველო იყო გამონაკლისი. საბჭოთა კავშირის დაშლამ საქართველოს ეკონომიკას დიდი დაღი დაასვა. მოიშალა ეკონომიკური ურთიერთობები, დიდი იყო ბიუჯეტის დეფიციტი, ადგილი ჰქონდა ფასების სწრაფ ზრდას, ამას ემატებოდა ის ფაქტი, რომ სამანეთო ზონის მოშლის შემდგომ, საქართველო იძულებული იყო, შემოეღო ფულის ნიშნები _ კუპონები, რამაც სწრაფი ტემპით იწყო გაუფასურება და საქართველო ჰიპერინფლაციის წინაშე აღმოჩნდა. არსებული მდგომარეობიდან გამოსვლა ხელისუფლებამ საკუთარი ეროვნული ვალუტის შემოღებით მოახერხა, 1995 წელს მიმოქცევაში შემოვიდა ეროვნული ვალუტა _ ლარი, რამაც ინფლაციის პროცესი შეაჩერა, მაგრამ ქვეყანაში მაინც ბევრი პრობლემა რჩებოდა, რომელიც გადაწყვეტას საჭიროებდა. ვინაიდან ქვეყანაში წარმოების დონე დაბალი იყო და ეროვნული ვალუტის გამყარება ვერ ხერხდებოდა სამამულო წარმოების პროდუქციით, საჭირო გახდა ეროვნული ვალუტის სხვა ხერხებით გამყარება, კერძოდ ლარის მიბმა დოლარზე. ამგვარად დოლარი აღმოჩნდა ლარის ხერხემალი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სხვებთან შედარებით უფრო მალე მიაღწიეს ეკონომიკურ სტაბილურობას.

ჩვენმა ქვეყანამ გააკეთა თავისი არჩევანი _ დასავლური ორიენტაცია. ამას ხელი შეუწყო ევროპის მიერ საქართველოს აღიარებამ, რაც საგარეო კურსის მხარდაჭერაში გამოიხატა. სტაბილურ ეკონომიკურ გარემოში ცხოვრება ყველა ქვეყნის ადამიანის ოცნებაა, რადგან იგი უზრუნველყოფს წარმატების შესაძლებლობებს და საზოგადოებას იცავს არასასურველი მოულოდნელობებისაგან. ამ ოცნების ახდენა პოსტსაბჭოთა საქართველოსათვის ადვილი არ არის. მაგრამ აქ უნდა გავიხსენოთ გ. მენქიუს სიტყვები `არც ყველაზე მდიდარი ქვეყნებისათვის არის სრულად გარანტირებული მათი შემდგომი აყვავება და არც ეკონომიკური აუტსაიდერები არიან განწირულნი სამუდამო სიღატაკისთვის~. მაგალითად, 100 წლის წინათ, საშუალო იაპონელის შემოსავალი მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საშუალო ინგლისელის, გერმანელის, ამერიკელის შემოსავალს. მაგრამ მკვეთრი ეკონომიკური ზრდის წყალობით, იაპონია ისე დაწინაურდა, რომ ერთ-ერთ ზესახელმწიფოდ გადაიქცა. ტექნიკური პროგრესისა და ინოვაციური პოლიტიკის წყალობით, იაპონიამ ბევრი მოწინავე ქვეყანა უკან ჩამოიტოვა.

ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება ნიშნავს მისი ეკონომიკური განვითარების ისეთ დონეს, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების რეალიზაციას, პიროვნებისა და საზოგადოების არსებობისათვის ღირსეული პირობების შექმნას და წინ აღუდგება ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების შემაფერხებელ მუქარებს. განასხვავებენ ეკონომიკური უსაფრთხოების შინაგან და გარეგან ფაქტორებს, ეროვნული უსაფრთხოების შიდა ფაქტორებია: ქვეყნის ენერგეტიკული უზრუნველყოფა; ინსტიტუციური მოწყობა და წესრიგი, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა; ბიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი; ბუნებრივი ფაქტორები _ ქვეყნის უზრუნველყოფის დონე საკუთარი ბუნებრივი რესურსებით, მათი მოპოვების სახიფათო პირობები; ქვეყნის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და გამოთანაბრების ტენდენცია; საფინანსო-საკრედიტო ფაქტორები _ საბანკო სისტემისა და შესაბამისი ბაზრის მდგომარეობა, კრედიტების მიღების პირობები, დისციპლინა უნაღდო ანგარიშსწორების სფეროში და ა.შ., შრომითი რესურსების გამოყენების ფაქტორები _ სამუშაო ძალის გამოყენების სტრუქტურა, უმუშევრობის დონე; მეცნიერულ-ტექნიკური ფაქტორები _ ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა, უახლესი მეცნიერულო-ტექნიკური მიღწევების ათვისება და განვითარება, ინოვაციური პოლიტიკის გატარება.

ეკონომიკური უსაფრთხოების გარე ფაქტორებს მიეკუთვნება: ქვეყნის მონაწილეობა საერთაშორისო ეკონომიკაში; ქვეყნის ეკონომიკის მიმზიდველობა და კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე, სამუშაო ძალისა და ინტელექტუალური პოტენციალის მიგრაცია, ე.წ. `ტვინების გადინების~ პროცესი; გარღვევა საგარეო ვალის სიდიდესა და მისი მომსახურების შესაძლებლობებს შორის; საზღვრების დაცულობა და კონტრაბანდის კონტროლი. ზემოთ აღნიშნული საფრთხეების პრევენცია და დაძლევა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა როგორც მიმდინარე, ისე გრძელვადიან პერიოდში.

90-იანი წლების დასაწყისში ეკონომისტების წინაშე დაისვა ურთულესი კითხვა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო მბრძანებლური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, თანაც ამ გადასვლის თეორიის არარსებობის პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესიდან 28 წელი გავიდა, ამ გადასვლის ერთიანი, ბოლომდე ჩამოყალიბებული თეორია არც დღეისათვის არსებობს. პოსტკომუნისტური საქართველოს ეკონომიკა ახლაც გარდამავალ ეკონომიკად მოიხსენიება. პოსტკომუნისტური ქვეყნის ეკონომიკურ რეფორმებში შეიძლება გამოვყოთ ორი სტრატეგია `შოკური თერაპია~ და გრადუალიზმი (gradual-თანდათანობითი). `შოკური თერაპიის~ მეთოდი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად იქნა გამოყენებული დასავლეთ გერმანიის რეფორმებისათვის, მეორედ კი პოსტკომუნისტურ პოლონეთში, ხოლო შემდგომ მეტ-ნაკლები წარმატებით სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში. პოლონეთში შემუშავდა `ბალცეროვიჩის გეგმა~, უნგრეთში _ `კუპას გეგმა~, იუგოსლავიაში _ `მარკოვიჩის გეგმა~. თანდათანობითი რეფორმების კლასიკურ მაგალითს ჩინეთი წარმოადგენს, სადაც შერბილებული ფორმით შენარჩუნდა კომუნისტური პარტიის რეჟიმი. ჩინური რეფორმის წარმატება აიხსნება შიდა ინვესტიციების მაღალი ხვედრითი წილით მთლიან შიდა პროდუქტში თავისუფალი ეკონომიკური ზონების მეშვეობით, უცხოეთში მცხოვრებ გამოცდილ ჩინელთა ეროვნულ ფერმებში მენეჯერებად მიწვევით, მსხვილ სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულთა დაბალი დონით. ჩინეთში გრადუალისტური მიდგომის წარმატება განაპირობა ამ ქვეყნის სპეციფიკურმა თავისებურებებმა, რაც არ ადასტურებს გრადუალიზმის უპირატესობას. პოსტსაბჭოთა სივრცეში  საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გრადუალისტური მიდგომის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია უზბეკეთი. მართალია, ჩინეთისაგან განსხვავებით, უზბეკეთში არ შენარჩუნებულა კომუნისტური რეჟიმი, მაგრამ მის სანაცვლოდ შეიქმნა არანაკლებ ავტორიტარული ტიპის მმართველობითი სისტემა, ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ უზბეკეთი არის ძალიან მდიდარი ქვეყანა (ოქრო, ნავთობი, ხორბალი, ბამბა), რაც ქვეყნის აღმავლობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქედან გამომდინარე, მის წარმატებას მხოლოდ გრადუალისტურ მეთოდს ვერ მივაწერთ, `შოკური თერაპიის~ მეთოდს ყველაზე დიდი წარმატება იმ ქვეყნებში მოაქვს, სადაც რეფორმამდელი (შოკამდელი) ეკონომიკური მდგრადობა იმდენად მძიმეა, რომ მოსახლეობა მზადაა, გადაიტანოს ყველაფერი არსებული პრობლემების დასაძლევად, `შოკური თერაპიის~ მეთოდის წარმატებით განხორციელება ემყარება პარადოქსს `რაც უარესი _ მით უკეთესი~, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრება რომლის თანახმადაც, განვითარებული ქვეყნები უნდა დაეხმარონ პოსტკომუნისტურებს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის სირთულეების დაძლევაში, შეიძლება რეალურად ამ ქვეყნებისთვის რეფორმების მუხრუჭი აღმოჩნდეს, რადგან დახმარებამ (სხვისი ხელის შემყურეობამ) შეიძლება შეასუსტოს და სტიმული დაუკარგოს საბაზრო გარდაქმნებს, ხოლო მთავრობებმა კი რადიკალური რეფორმების განხორციელება გადადონ და დროში გაწელონ. ამიტომ რეფორმატორ მთავრობათა ფინანსური მხარდაჭერა პარალელურად მიბმული უნდა იყოს ეკონომიკურ რეფორმებთან. აქვე შეიძლება პარალელი გავავლოთ საქართველოსა და ხორვატიას შორის, იგი საქართველოსავით პატარა ქვეყანაა, მასაც კარგი გეოგრაფიული მდებარეობა და მდიდარი ბუნებრივი ლანდშაფტი გააჩნია (ჩვენსავით). ხორვატიამ გამოიარა ომი დამოუკიდებლობისათვის 1991-1995 წლებში, რითაც ქვეყანა ძალიან დაზარალდა. ამჟამად ხორვატია ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებს შორის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კლასიფიკაციით, ხორვატიას მზარდი, განვითარებადი ეკონომიკა აქვს და ადამიანის განვითარების ინდექსის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ომის დასრულებისთანავე აიღო ევროპული კურსი. ააღორძინა ტურიზმი, ხორვატიის მომსახურების სფეროში ტურიზმი დომინანტია და ქვეყნის მშპ-ის 20%-ს აწარმოებს, ტურიზმის დადებითი ეფექტი ქვეყნის მთლიან ეკონომიკაზე აისახება. განავითარა ინფრასტრუქტურის წარმოება, კულტურა, განათლება, სპორტი, მისი დიდი სპორტული წარმატება ფეხბურთის წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოვლინდა, 2003 წლიდან ხორვატიის საგარეო პოლიტიკა ფოკუსირებული იყო მთავარ მიზანზე _ გამხდარიყო ევროკავშირის წევრი, რასაც მიაღწია კიდეც და 2013 წელს გახდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამ პატარა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმებით მოკლე დროში დიდ წარმატებას მიაღწია.

ჩვენს ქვეყანასაც დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნდა და ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ტურიზმის განვითარებისა და აღორძინებისათვის, საქართველოს უკვე მილიონობით ტურისტი სტუმრობს, ბევრად მეტი, ვიდრე მთლიანად მისი მოსახლეობაა. მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია (ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, აგროტურიზმი და სხვ.), რათა კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი ქვეყანა. ხორვატიის მაგალითი სტიმულის მომცემია ჩვენი ქვეყნისთვის.

ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მისი მაჩვენებლების ზღვარს, რომელთა ქვემოთ იწყება ნეგატიური პროცესები და საფრთხის ქვეშ დგება პიროვნებისა და საზოგადოების ნორმალური არსებობა და განვითარება. საბაზრო ეკონომიკა _ ეს სხვა არაფერია, თუ არა საბაზრო სტრატეგიითა და საბაზრო მექანიზმებით მართული ეკონომიკა. იგი არავითარ შემთხვევაში არ არის უმართვადობით თავაშვებული ეკონომიკა, რომელიც ყველას და ყველაფერს გადათელავს. იგი თავისუფალია მართვის მბრძანებლობითი უხეში მექანიზმისა და მმართველობითი ბიუროკრატიისაგან. ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევა ობიექტური აუცილებლობაა და არა ვინმეს ნებასურვილი, მაგრამ აქ ბუნებრივად ჩნდება კითხვა, თუ რა ზომით და რა ფარგლებში უნდა ჩაერიოს სახელმწიფო ეკონომიკაში. ამ მხრივ თანაბრად საზიანოა ორი უკიდურესობა: 1) ეკონომიკაში ჩარევის ზომების გადამეტება, `ცხვირის ჩაყოფა~ ისეთ სფეროებში, რომელსაც წარმატებით არეგულირებს თვითონ საბაზრო მექანიზმი და 2) მხოლოდ საბაზრო მექანიზმის იმედზე ყოფნა იმ სფეროებში, სადაც სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია. სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია კონკურენციის დაცვაა. კონკურენციის `უხილავი ხელი~, რომელიც არეგულირებს საბაზრო ეკონომიკას, მონოპოლისგან არ არის დაცული. დრამა იმაშია, რომ კონკურენცია თვითონ წარმოშობს თავის ანტიპოდს _ მონოპოლის `პირმშოს~, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს `მშობელი~. თუ სახელმწიფო არ დაეხმარა, მონოპოლისტი თვითონ კარნახობს ფასს, რაც საშუალებას აძლევს, მაღალი მოგება მიიღოს არა ტექნოლოგიების სრულყოფით, არამედ იოლი გზით _ ფასის მომატებით. ამიტომ კონკურენციის დაცვის მეთოდია ანტიმონოპოლისტური ღონისძიებები და კანონმდებლობა, რომელიც ან საერთოდ კრძალავს მონოპოლიების არსებობას (ზოგიერთ დარგში), ან ზღუდავს მონოპოლიების ისეთ საქმიანობას, რომელიც ზიანს აყენებს კონკურენციას და პროგრესს, ამიტომ წინა მთავრობის დროს ანტიმონოპოლური სამსახურის გაუქმება იყო არასწორი ნაბიჯი, რაც ახლანდელი მთავრობის მიერ გამოსწორდა. ქვეყნისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, დემოკრატიზაციას, საბაზრო ეკონომიკის თანდათანობით სრულყოფის პროცესს. ცხოვრების დონისა და შემოსავლების მიხედვით საქართველო ჯერჯერობით ისევ ღარიბი ქვეყნების ჯგუფშია, მაგრამ განათლების დონით, ანუ ადამიანისეული კაპიტალით, იგი საშუალოდ განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საზღვარგარეთ არის გასული, ისინი უცხოეთში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ჩვენი ვალია ისეთი გარემოს შექმნა რომ ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ და შევანელოთ ე.წ. `ტვინების გადინების~ პროცესი. ჩვენი საუკუნე ცოდნის საუკუნედაა მიჩნეული, ვინაიდან მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი და ინოვაციური ეკონომიკა ცოდნაზე და ინტელექტზეა დაფუძნებული. ცოდნისა და განათლების გარეშე კი გლობალური კონკურენციის პირობებში ქვეყანა წარმატებას ვერ მიაღწევს. საქართველო უძველესი ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა, შოთა რუსთაველის ქვეყანაა, გელათისა და იყალთოს აკადემიები ჯერ კიდევ წინა საუკუნეებში არსებობდა. ამიტომ განათლება, მეცნიერება, კულტურა ჩვენი პრიორიტეტებია და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის აღორძინებისათვის. გლობალიზაციამ სახელმწიფოები გლობალური გამოწვევების წინაშე დააყენა. გლობალიზაციის დადებითი ეფექტია უპირველეს ყოვლისა გასაღების ბაზრის გაფართოებაში, რაც ქვეყანას აძლევს დიდ შესაძლებლობებს, გააფართოვოს შიდა და გარე ბაზარი ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმების გამოყენებით. ბაზრის გაფართოება კი გადამწყვეტ როლს თამაშობს ინვესტიციების მოცულობის ზრდაში. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, არ შეიძლება არ იქნეს გამოყენებული ქვეყნის მსოფლიო მნიშვნელობის გეოპოლიტიკური მდებარეობის რესურსები. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი ის ძირითადი სატრანსპორტო არტერიებია, რომლებითაც საქართველო უკავშირდება შავიზღვისპირეთის ნავსადგურებს, ჩრდილოეთ კავკასიას, აზერბაიჯანს, მთელ მსოფლიოს დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. ეს სატრანსპორტო დერეფანი უდიდეს პერსპექტივების უსახავს საქართველოს.

ეკონომიკური უსაფრთხოების ძირითად სტრატეგიულ მიმართულებად აღიარებულია კონკურენტული ბაზრის შექმნა და დაცვა, რისთვისაც აუცილებელია მოქნილი კანონმდებლობის შემუშავება და ანტიმონოპოლური პოლიტიკის გატარება, პრიორიტეტული დარგების გამოყოფა და მხარდაჭერა, ეროვნული ვალუტის გამყარება, საკუთრების დაცვა, სამამულო პროდუქციის გასაღების ბაზრების დაცვა სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც მეტად საჭირბოროტო საკითხია და მთავრობის მხრიდან ყურადღებას საჭიროებს. გენმოდიფიცირებული პროდუქტები ჩვენს ბაზარზე არ არის დიფერენცირებული ნატურალური პროდუქტებისაგან, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. დადგენილია, რომ გენური ინჟინერიით წარმოებული პროდუქტები ბევრ საშიშ დაავადებებს იწვევს. ასეთი პროდუქტებით უხვად მარაგდებიან მესამე მსოფლიოს ქვეყნები. აღნიშნული საკითხი დასარეგულირებელია, ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საზოგადოების სოციალურ დაცვას და ისეთ მწვავე თემას, როგორც არის უმუშევრობა. უმუშევრობა ქვეყანაში წლების მანძილზე გადაუჭრელ პრობლემად რჩება სოციალურად დაუცველ პირთათვის, რომელნიც სოციალურ დახმარებას იღებენ. მთავრობამ მეტად სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმის შესახებ, რომ თუ სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდება და მუშაობას დაიწყებს, მას ერთი წლის განმავლობაში არ შეუწყდება სოციალური დახმარება. აღნიშნული კონტინგენტი სამსახურს აღარ ეძებდა იმის შიშით რომ არსებული დახმარება არ დაეკარგა და იქმნებოდა `მოჯადოებული წრე~. ეს ახალი გადაწყვეტილება კი ადამიანს სტიმულს აძლევს, რომ დასაქმდეს და მუდმივად არ იყოს მიბმული სახელმწიფოს დახმარებაზე. სულ ცოტა ხნის წინ სახელმწიფომ ინოვაციების განვითარების კუთხით მეტად სასარგებლო ნაბიჯი გადადგა, კერძოდ კახეთის რეგიონში გაიხსნა ტექნოპარკი. აუცილებელია ქვეყანაში შემუშავდეს სახელმწიფო მეცნიერულ-ტექნიკური და საინფორმაციო პოლიტიკა. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე  განისაზღვროს ინოვაციური მიმართულებები და პრიორიტეტები ქვეყნის  პოტენციალის გათვალისწინებით. ა. მედსონმა დაადგინა, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიციების 1%-ით ზრდა იწვევს მთლიანი შიდა  პროდუქტის (მშპ) 35%-ით ზრდას. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ განათლება და მეცნიერული ცოდნა ქმნის დამატებით ღირებულებას, რაც ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია. 2011 წელს ევროკომისიამ მიიღო ახალი პროგრამა `ჰორიზონტი 2020~ სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო-პროგრამა, რომელმაც მოქმედება დაიწყო 2014 წლიდან. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 80 მილიარდ დოლარს, პროგრამა მოიცავს 3 პრიორიტეტულ მიმართულებას, ესენია: 1) მოწინავე მეცნიერება (Excellent Science), რაც მოიცავს მხარის დაჭერას: ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერებისათვის ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად ევროპის კვლევითი საბჭოს ხაზით. თანამედროვე კვლევისადმი პერსპექტიულ დარგებში და მომავლის რადიკალურად ახალი ტექნოლოგიების შემუშავებისადმი; მარია კიურის პროგრამის ჩარჩოში საკადრო პოტენციალის სრულყოფისადმი; აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ მარია კიურის ორჯერ მიენიჭა ნობელის პრემია, პირველად ფიზიკის დარგში 1903 წელს (ცოლ-ქმარ პიერ და მარია კიურებს), მეორედ ქმრის სიკვდილის შემდეგ 1911 წელს ქიმიაში.

1995 წელს `ბანკ დე ფრანსმა გამოუშვა 500 ფრანკიანი კუპიურები ფიზიკოსების - პიერ და მარია კიურების გამოსახულებით. მარია კიური მიჩნეულია მსოფლიოს ყველა დროის გამოჩენილ ქალად. ჩინეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის ტაძარი მოხატულია `კაცობრიობის კეთილისმყოფელთა სურათებით. ნიუტონის, დეკარტეს, ბუდას და ჩინეთის გამოჩენილ იმპერატორთა გვერდით არის მარია კიურის პორტრეტიც. მსოფლიო ყველა დროში მიაგებდა პატივს გამოჩენილ ადამიანებს; 2) ინდუსტრიული ლიდერობა (Leadership in enabling and industvial tecnhnologies) _ ინვესტირება ისეთ ახალ და სამრეწველო ტექნოლოგიებში, როგორიცაა: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მიკრო და ნანოელექტრონიკა, ფოტონიკა, ნანოტექნოლოგიები; ახალი მასალები; ბიოტექნოლოგიები; წარმოების ეფექტიანი პროცესები; კოსმოსი; 3) სოციალური გამოწვევები (Societal challenges) _ კვლევებისა და ინოვაციების შედეგების ამაღლება შემდეგ სფეროებში: ჯანდაცვა, დემოგრაფიული ცვლილებები და კეთილდღეობა; კვების პროდუქტები, სოფლის მეურნეობა, ეკოსისტემები და ბიოეკონომიკა; ეკოლოგიურად სუფთა, ინტელექტუალური ტრანსპორტი; კლიმატის გავლენა, რესურსების გამოყენების ეფექტიანობა, ნედლეული, ევროპის ქვეყნებში პროგრესული საზოგადოების მოწყობა, რაც უზრუნველყოფს თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და ყველასათვის თანაბარ შესაძლებლობებს. პროგრამის ასოცირებული წევრებია: ისრაელი, საქართველო, სომხეთი, ალბანეთი, მაკედონიის რესპუბლიკა, ჩერნოგორია, ნორვეგია, სერბია, თურქეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მოლდოვა, შვეიცარია, ტუნისი.

ქვეყნის უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანესია შიდა ბაზრის დაცვა და პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება. რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია, რაც ხელს შეუწყობს შრომითი რესურსების ადგილზე დამაგრებას. აღსანიშნავია რომ ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რაც ქვეყნისთვის მეტად სასარგებლო და მასშტაბური პროექტია, მან ბევრი სიკეთე მოუტანა აღნიშნულ რეგიონებს. ფონდ `ქართუს~ დაფინანსებით ხორციელდება საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რაც ინოვაციური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტია, მაღალსიჩქარიანი და იაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა რეგიონისთვის. ქვეყანაში წარმატებით  მოქმედებს საყოველთაო უფასო ჯანდაცვის პროექტი, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა, ასევე ცეჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელმაც უამრავი ადამიანი განკურნა. სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით. მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს ქვეყანაში ეკონომიკური ფონდის გასაუმჯობესებლად, ისეთი ღარიბი  და პატარა ქვეყანა, თანაც `პოსტ საბჭოთა~ როგორიც ჩვენია, რამდენიმე წელიწადში ნამდვილად ვერ დაეწევა განვითარებულ ქვეყნებს, თანაც, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ჩვენ ისევ გარდამავალი ეკონომიკის ეტაპზე ვიმყოფებით, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან სწორი, თანმიმდევრული, ეროვნულ ეკონომიკაზე მორგებული ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს, შექმნის სამუშაო ადგილებს, განავითარებს მცირე ბიზნესს და ა.შ. ზემოთ მოვიყვანეთ მაგალითი, თუ როგორ მიაღწია წარმატებას პატარა პოსტსაბჭოთა ქვეყანა ხორვატიამ. აქვე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ახალი აღთქმა და ფსალმუნები 1992 წელს ქართულად დაიბეჭდა ხორვატიაში, ზაგრებში `გრაფიჩკი ზავოდ პრვატსკი~ (Printed in Croutia by GZH Zagreb). ხორვატიაში მაღალ დონეზეა განვითარებული ტიპოგრაფია, მრავალი წიგნი და ჟურნალი გამოდის ყოველწლიურად. აქვთ რამდენიმე უმსხვილესი კომპანია და საგამომცემლო საქმიანობით ლიდერია რეგიონში. იმართება წიგნის ბაზრობები. ხორვატია 2001 წელს მიუერთდა, საყოველთაოდ ცნობილ `ბოლონიის პროგრამას~, საქართველო _ 2005 წელს. ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოს უდიდესი წარმატება წლევანდელი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც საქართველომ ღირსეულად წარმოაჩინა თავისი ლიტერატურე, ხელოვნება, ქვეყნის მიღწევები  თითქმის ყველა დარგში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ნამდვილი ფურორი მოახდინა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ქვეყნის ცნობადობა და რეიტინგი მსოფლიო დონეზე. აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტ ვიზიტორთა მოზიდვას და ტურიზმის აღმავლობას ქვეყანაში.

ქვეყნის ცხოვრებაში ხშირად წამოიჭრება ხოლმე კითხვა, რომელი საქმეებია პრიორიტეტული ერისთვის _ საშინაო თუ საგარეო? ამ საკითხთან დაკავშირებით გვახსენდება დიდი მამულიშვილის ნიკო ნიკოლაძის სიტყვები. მისი აზრით, `ერისთვის (განსაკუთრებით მცირერიცხოვანი ერებისთვის) უფრო პრიორიტეტული საშინაო პრობლემების მოგვარებაა, რადგან უმნიშვნელოვანეს საგარეო და ეკონომიკურ საკითხებს მსოფლიოში სულ 5-6 ქვეყანა წყვეტს, დანარჩენებს კი სტატისტების როლი აქვთ განკუთვნილი, მათ შორის _ ჩვენც, მხოლოდ შინაგანი საქმეების გონივრულად და დამაკმაყოფილებლად მოგვარება უზრუნველყოფს გარედან მოსალოდნელ საშიშროებათა გამკლავებას და მოგვიტანს საგარეო დიდებას. თუკი ჩვენს საკუთარ სახლში არ დავაკმაყოფილებთ აუცილებელ მოთხოვნებს, თუკი ხელს მივყოფთ საკუთარი ინტერესების სისტემატურ იგნორირებას, მაშინ ეს გარემოება ადრე თუ გვიან სამხედრო წარმატებებზეც კი უდავოდ დამასუსტებელ გავლენას იქონიებს. თუ სხვის იმედსა და დახმარებაზე დავამყარებთ ქვეყნის მომავალს და ხელს და ჭკუას არ გავანძრევთ, ევროპის სახელმწიფოები საქართველოს ან ალჟირივით დაიმონებენ, ანდა ინდოჩინეთივით ძარცვას დაიწყებენ~, დიდი მამულიშვილი და საზოგადო მოღვაწე  უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ევროპულ განათლებას. მან შვეიცარიაში ყოფნის დროს დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი (იქამდე პეტერბურგის უნივერსიტეტი) და დაიცვა დისერტაცია ისეთ ზოგადსაკაცობრიო თემაზე, როგორიცა `განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები~, რისთვისაც მიენიჭა ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი, აღნიშნული ნაშრომი კი ცალკე წიგნად გამოვიდა ჟენევაში ფრანგულ ენაზე. ნ. ნიკოლაძე წერდა _ `მხარში რომ ამოუდგე ევროპულ ქვეყნებს, იგივე გზა უნდა გაიარო, რაც გაიარეს სხვებმა _ ევროპული განათლებისა და მეცნიერების დანერგვა, თავაუღებელი შრომა. ევროპული წესი და ცხოვრება, ევროპული მეცნიერება ჩვენ სამაგალითოდ უნდა მიგვაჩნდეს~. აქვე ნ. ნიკოლაძეს მოჰყავს პატარა ქვეყნების – შვეიცარიისა და ჰოლანდიის მაგალითი, თუ როგორ მიაღწიეს ამ პატარა ქვეყნებმა დიდ წარმატებას თავდაუზოგავი შრომით, ცოდნითა და თავისი ქვეყნის სიყვარულით. ჰოლანდიელებმა დაჭაობებული მიწებიც კი წალკოტად აქციეს. ნ. ნიკოლაძის მოსაზრებები საუკეთესო რჩევებია ჩვენი დღევანდელობის და არასოდეს დაკარგავს აქტუალობას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არც გლობალიზაცია _ “ახალი მსოფლიო წესრიგი” _ გუშინ არ დაწყებულა. მასზე საუბარი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე დაიწყო 1921 წელს დაარსდა “საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო” (The Council of Eoreign Relations), რომელშიც გაერთიანდნენ დასავლეთის ყველაზე გავლენიანი ადამიანები. მისი დამაარსებელი იყო ამერიკელი უმსხვილესი ბანკირი მორგანი. საბჭოს ამოცანა იყო `პლანეტარული მასშტაბის ამერიკული სტრატეგიის შემუშავება და სრულიად მსოფლიო ხელისუფლების შექმნა (საბოლოო მიზანი)~. 50-იანი წლებიდან საბჭოს მთავარ ფიგურად გადაიქცა როკფელერი. შემდეგ შეიქმნა შვილობილი სტრუქტურები. 1954 წელს ბილდბერგის კლუბი (The Bild enbergers) და 1971 წელს სამმხრივი კომისია (Trilatenais) ამ პროცესების აქტიური მხარდაჭერი იყო ზბიგნევ ბჟეზინსკი, აშშ-ის პრეზიდენტთა მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების დარგში. იგი ერთ-ერთ თავის სტატიაში (`ნიუ-იორკ მეგზინ~) წერდა: `ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს მსოფლიო მიისწრაფვის ერთიანობისაკენ, რომელსაც ესოდენ დიდხანს ველოდით... ახალი მსოფლიო ღებულობს გლობალური მთლიანობის ფორმას... დასაწყისში ეს განსაკუთრებით შეეხება მსოფლიო ეკონომიკურ წესრიგს~. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ ერთდოლარიან კუპიურაზე პირამიდის ქვეშ დატანილია წარწერა: `ახალი მსოფლიო წესრიგი~ (`Novus Ondo Seclorum~) დოლარი დიდი ხანია ასრულებს მსოფლიო ფულის ფუნქციას.

გლობალიზაცია მართლაც თავისი მასშტაბებით გლობალური თემაა და ვრცლად ვერ შევეხებით. დიდი ხანია აზრი ორადაა გაყოფილი გლობალისტებსა და ანტიგლობალისტებს შორის. ზემოთ შევეხეთ გლობალიზაციის დადებით მხარეებს, თუმცა `მედალს ორი მხარე აქვს~ და აღნიშნული პროცესი პატარა და განვითარებადი ქვეყნისთვის უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე დიდი განვითარებული ქვეყნებისთვის. ღია ეკონომიკის პირობებში ქვეყანა გლობალური ფერხულიდან ვერ ამოვარდება და იზოლაციაში ვერ მოექცევა. მაგრამ ახლა უფრო მეტადაა აუცილებელი ქვეყნის ეროვნულ იდეოლოგიის განმტკიცება და შენარჩუნება, მასზე მორგებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. ქვეყანამ ნამდვილად უნდა მოძებნოს ისეთი `ოქროს შუალედი~, რომელიც არც გლობალიზაციის პროცესიდან ამოაგდებს და თვითმყოფადობას შეუნარჩუნებს. აქვე მოვიყვანთ ანტიგლობალურ პროგნოზს, რომელიც მეტად არასახარბიელოა, მაგრამ ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება: `გლობალიზაციის თეორია იხსნის თავის ინგლისურენოვან ნიღაბს და ჩნდება მონდეალიზმი _ სინთეზური რელიგია. იგი ქადაგებს ერთიანი კაცობრიობის რწმენას, რომელიც წარმოადგენს საერთო პლანეტარულ, უნიტარულ, ბიოლოგიურ პოპულაციას და თეორიულად არგუმენტირებული და `დამტკიცებულია~ ამ პოპულაციის ერთი ცენტრიდან მართვის, ანუ მსოფლიო ხელისუფლების აუცილებლობა. და ეს იქნება ისე, როგორც ყველა ხვდება, `რჩეული ხალხის~ ძალაუფლება, რომელიც თავის მისიას ელის~ - წერს ბერდიაკონი აბელი (სემიონოვი). აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ ინოვაციების საუკუნეში ნანოტექნოლოგიები ისეთი მასშტაბების მძლავრი იარაღია ადამიანის ხელში, რომელსაც, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, შეუძლია თვისებრივად შეცვალოს ყველაფერი, მთელი პლანეტაც კი და თუ კეთილ მიზნებს არ მოხმარდა, შეიძლება ადამიანთა მასობრივი განადგურების იარაღად იქცეს. გამოწვევები ბევრია და საფრთხეებიც. თვითგადარჩენის და თვითშენახვის ინსტინქტი ადამიანში ყველაზე ძლიერია, თავის გადარჩენისთვის ბრძოლა კი მუდმივი. სტატიას დავამთავრებთ ნიკო ნიკოლაძის სიტყვებით: 'კერძო პირსაც, საზოგადოებასაც, ერსაც, თავისი ცხოვრება, ბედი და იმედი მარტო საკუთარ შრომასა და ღონეზე უნდა ჰქონდეს დაფუძნებული. მარტო ეს საძირკველია შეურყეველი, მარტო მასზე შენდება მტკიცედ საკუთარი შენაძენიც და სხვისი დანახმარიც'. 

დასკვნა

გლობალიზაციის პირობებში ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია ინოვაციების გარეშე. გლობალური კონკურენციის პირობებში ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.  აბესაძე რ., ინოვაციები _ ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი ინსტიტუტის დაარსებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული მთავარი ფაქტორი, კონფერენციის მასალების კრებული. ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების აქტუალური პრობლემები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბილისი. 2014.

2.  პაპავა ვ., არატრადიციული ეკონომიკსი. თბილისი. 2011.

3. თეთრაული ც., ეკონომიკური განვითარების ზოგადი ტენდენციები. ინსტიტუტის დაარსების დღისადმი  მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული. ინოვაციური ეკონომიკა და მისი ფორმირების პრობლემები პოსტკომუნისტურ ქვეყნებში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბილისი. 2016.

4. ბერდიაკონი აბელი (სემიონოვი), გლობალიზაციის ანტიქრისტიანული არსი. როგორ გადავიტანოთ ღვთის რისხვა. გამომცემლობა “აცხოვნე სული შენი”. თბილისი, 2008.

5.  თეთრაული ც., ხორვატიის ინოვაციური პოლიტიკა. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული ტ. IX. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბილისი. 2016.